ლივერპული – სიტი

პრემიერ ლიგის მეთორმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის ლიდერი და მეორეადგილოსანი – ლივერპული და მანჩესტერ სიტი შეხვდებიან.

ლივერპული ცხრილს 31 ქულით ლიდერობს, ქალაქელები კი მათ ექვსი ქულით ჩამორჩებიან. მერსესაიდელები მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან და არც ამჯერად აპირებენ მატჩის დათმობას. თანაც, სიტის, ენფილდზე, პრემიერ ლიგის მატჩი 2003 წლის შემდეგ არ მოუგია.

მანჩესტერ სიტი მატჩს ზედიზედ 3 მოგების სერიით ხვდება, ქალაქელებმა ასტონ ვილას, კრისტალ პალასის და საუთჰემპტონის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა, ლივერპულთან არსებული 8 ქულიანი დეფიციტის მხოლოდ 2 ქულით შემცირება მოახერხეს.

მატჩს მაიკლ ოლივერი განსჯის, ლივერპული კი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობისკენ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს.

ლესტერი – არსენალი

ტურის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ლესტერში გაიმართება, სადაც მელიები არსენალს უმასპინძლებენ.

ლესტერი საჩემპიონო წლის შემდეგ საუკეთესო სეზონს ატარებს, მეტიც – მათ ახლა მეტი ქულა აქვთ, ვიდრე საჩემპიონო სეზონის პირველი თერთმეტი ტურის შემდეგ ჰქონდათ.

ბოლო 5 ტურში ლესტერმა 4 მატჩი მოიგო და ერთადერთი მარცხი ლივერპულის წინააღმდეგ, 95-ე წუთზე, გაშვებული პენალტის შემდეგ იგემა. ჯეიმი ვარდიც შესანიშნავ ფორმაშია და 10 გოლით ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

არსენალს პირიქით, ბოლო 5 ტურში ერთადერთი მოგება აქვს და უკვე 3 მატჩია მეტოქის დამარცხებას ვერ ახერხებს. მეტიც, მეთოფეებმა ევროპის ლიგის ჯგუფში ყველასთვის გასაოცრად გიმარაეშის დამარცხებაც კი ვერ მოახერხეს.

ჩელსი – კრისტალ პალასი

მეოთხეადგილოსანი ჩელსი შემდეგ ტურში მეცხრეადგილოსან კრისტალ პალასს უმასპინძლებს და შეეცდება გამარჯვების სერია გაიხანგრძლივოს.

ლონდონელები ახლახანს თასიდან იუნაიტედმა გამოთიშა, ჩემპიონთა ლიგაზე კი აიაქსთან ნამდვილი თრილერი გამართეს და 9 კაციან ჰოლანდიელებთან,საბოლოოდ, ფრედ, 4:4 ითამაშეს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ჩელსი საუკეთესო ფორმაშია.

არისტოკრატებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ხუთივეს მოგება მოახერხეს, ტამი აბრაამი კი ბომბარდირთა დავაში 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჯეიმი ვარდის ჩამოუვარდება.

ჩელსის ზევით და ქვევით მყოფი ორი გუნდი – ლესტერი და არსენალი ამ ტურში ერთმანეთს ხვდება და ქულებს რომელიმე მათგანი აუცილებლად დაკარგავს, შესაბამისად, ლონდონელებისთვის ამ მატჩიდან 3 ქულის წამოღება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.

კრისტალ პალასი მანჩესტერ იუნაიტედს 2 ქულით უსწრებს, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონში, ეს ფაქტი მაინცდამაინც დასაკვეხნი არ არის. ოლე გუნარ სოლშაერის შეგირდებს 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ და ათეულის ბოლო ადგილს ეჭიდებიან.

ცუდ დღეშია ტოტენჰემიც, დეზებს 11 ტურის შემდეგ ასევე 3 გამარჯვება და იუნაიტედის თანაბარი, 13 ქულა აქვთ.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply