ოქროს ბურთის ღირსეული გამარჯვებულის ვინაობაზე გულშემატკივრები მუდმივად კამათობენ, რამდენიმე შემთხვევა კი მეტად საკამათო იყო და დღემდე იხსენებენ, როგორც ოქროს ბურთის “უსამართლო” წლებს. დღეს გვინდა 5 ასეთ შემთხვევაზე ვისაუბროთ.

მაიკლ ოუენი

2001 წელს მაიკლ ოუენი პირველი ინგლისელი გახდა კევინ კიგანის (1979) შემდეგ, ვინც პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგება მოახერხა.

ოუენმა ლივერპულს ტრიპლეტი მოაგებინა, ინგლისის ნაკრებში კი 5 მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და სეზონში 46 მატჩში 24 გოლი დაუგროვდა, სწორედ ამის გამო მიიღო ჯილდო ინგლისელმა.

თუმცა, ოუენის ტრიპლეტი არც პრემიერ ლიგას შეიცავდა და არც ჩემპიონთა ლიგას – მან ლიგის თასი, უეფას თასი და FA თასი მოიგო, პარალელურად კი რაული ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის ბომბარდირი გახდა, ეს უკანასკნელი მოიგო კიდეც, ჩემპიონთა ლიგის ტიტული კი ოლივერ კანს დაუთმო.

სწორედ ამის გამო, ბევრის აზრით, ოქროს ბურთს რაული ან ოლივერ კანი იმსახურებდა.

პაველ ნედვედი

პაველ ნედვედმა 2003 წელს იუვენტუსის სერია ა-ს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, მაგრამ მისი ოქროს ბურთის მოგება ბევრისთვის სიურპრიზი გახლდათ.

ამ წელს ჩემპიონთა ლიგა პაოლო მალდინიმ მოიგო და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რომელშიც იტალიის თასის და ევროპის სუპერთასის მოგებაც შეძლო, მაგრამ პაოლო ოქროს ბურთის დაჯილდოვებაში მესამე ადგილზე გავიდა.

ტიერი ანრის ინდივიდუალურად საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ფრანგმა თავდამსხმელმა 32 გოლი და ფენომენალური 28 საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ არსენალის წარუმატებელი სეზონის გამო მეორე ადგილს დაჯერდა, რაც, ბევრის აზრით, უსამართლობა იყო

 

მატიას ზამერი

მატიას ზამერს ნათქვამი აქვს, რომ გაოგნებული იყო, როცა 1996 წელს ოქროს ბურთის გამარჯვებულად დაასახელეს.

საყრდენ ნახევარმცველს გერმანიის ნაკრებსა და დორტმუნდის ბორუსიაში კარგი სეზონი ჰქონდა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა, ზამერი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

თუმცა, ამ წელს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა ახალგაზრდა ლუის ნაზარიოს, რომელმაც პსვ-ში 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ბარსელონაში გადავიდა და იქ 49 მატჩში 47გოლის გატანა შეძლო და ბევრის აზრით, ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამერმა რონალდოს მხოლოდ 1 ხმით აჯობა, გერმანელმა 144 ქულა აიღო, ფენომენომ კი 143.

ანდრეი შევჩენკო

ანდრეი შევჩენკო მილანის შემადგენლობაში ნამდვილი მონსტრი იყო, მაგრამ მისი ოქროს ბურთის ჯილდო 2004 წელს არც თუ ისე დამაჯერებელი გახლდათ.

უკრაინელმა ლეგენდამ ამ წელს სერია ა-ში 24 გოლი გაიტანა და გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დეპორტივოსთან 4:0 განადგურების შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა და გულშემატკივართა აზრით, ასეთი დამარცხების შემდეგ მისი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება მართებული არ გახლდათ.

სერია ა-ს სეზონის საუკეთესოდ რიკარდო კაკა დასახელდა და არა შევჩენკო, ოქროს ბურთს კი გულშემატკივართა ნაწილის აზრით დეკო ან რონალდინიო უფრო იმსახურებდნენ – გაუჩომ იდეალური ინდივიდუალური სეზონი ჩაატარა, დეკო კი იმ გუნდის ლიდერი იყო ვინც ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.

ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩი 2018 წელს შესანიშნავი იყო, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეალის ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაში და ყველასთვის მოულოდნელად, ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალის ფინალში გავიდა.

თუმცა, კიდევ უფრო კარგი წელი ჰქონდა მაგალითად რაფაელ ვარანს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატი. კილიან მბაპემ კი შესანიშნავი მუნდიალი ჩაატარა და ფრანგების ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც იყო.

ლიონელ მესიმ ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო, თან ისე რომ 45 მატჩში 41 გოლი და 20 საგოლე გადაცემა ჰქონდა, რითიც ევროპაში ყველა ფეხბურთელს აჯობა.

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რამდენიმე ლეგენდარული ინდივიდუალური პერფორმანსიც შემოგვთავაზა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply