2018 წლის 29 ნოემბერს, პორტ-ლუისში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე – ტრადიციული ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაწევრიანდა.

ქართული ჭიდაობა გახლავთ მეოთხე ქართული არამატერიალური ძეგლი, რომელიც ამ ნუსხაში მოხვდა – ფოლკლორის, ღვინის დაყენების უძველესი მეთოდისა და სამი უნიკალური ანბანის შემდეგ.

რა არის ქართული ჭიდაობა?

უძველესი ტრადიციული ჭიდაობა, რომელიც ოდითგანვე მიიჩნეოდა სანახაობრივ და პრესტიჟულ სპორტად, მისი ხერხებისა და ილეთების მრავალფეროვნების გამო. ქართული ჭიდაობის უნიკალურობაზე XI საუკუნით დათარიღებული ფრესკაც მიუთითებს, სადაც ქართული ჭიდაობის ჩოხაში გამოწყობილი ორი ფალავანი ერთმანეთს ეჭიდება – ეს პირველი ცნობა, ამის შემდეგ, კი ქართულ ჭიდაობაზე ინფორმაციებს ხშირად ვაწყდებით ისტორიულ წყაროებში. სპორტის ეს სახეობა, დღემდე აქტიური და პოპულარულია საქართველოში. ხშირად იმართება სანახაობრივი ტურნირები ქართული ჭიდაობის მუსიკის ფონზე (დამკვრელები ქართული ჭიდაობის კულტურის განუყოფელი ნაწილები არიან). ორი მოჭიდავე ერთმანეთის დამარცხებას მაყურებლებით ალყაშემორტმულ მოედანზე ცდილობს, ძირითადად მოედნის ფუნქციას სილა ან ნახერხი ასრულებს.

“ქართული ჭიდაობა ხელს უწყობს ახალგაზრდობის არა მარტო ფიზიკურ განვითარებას, იგი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს მათ სულიერ ჩამოყალიბებაზე, განუმტკიცებს პირდაპირობის, გამბედაობის, ვაჟკაცობის, თავმდაბლობის და თავაზიანობის გრძნობას” – სიმონ მაისურაძე (“ქართული ჭიდაობის” წიგნის ავტორი)

წარმომავლობა

ქართული ტრადიციული ჭიდაობის სამშობლოდ აღმოსავლეთ საქართველოა მიჩნეული – ქართლი და კახეთი, თუმცა არაერთი ცნობილი ფალავანი ყოფილა დასავლეთ საქართველოდან. თბილისი გახლდათ ქართული ჭიდაობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, აქ იყრიდნენ თავს ყველაზე წარმატებული სპორტსმენები და დიდი შეჯიბრებებიც იმართებოდა. აღსანიშნავია, რომ თუ რაიონში ან სოფელში კარგი მოჭიდავე გამოჩნდებოდა, ქალაქში ჩამოიყვანდნენ და აქ სცდიდნენ მის ძალას, მოხერხებულობას და მონაცემებს.

XI საუკუნის ფრესკის გარდა, აღსანიშნავია XIII საუკუნის ისტორიული წყაროები, სადაც მემატიანე ლაშა-გიორგის დროინდელი ქართლელი ხიზანბარელის და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავს გვიყვება, ხოლო XV საუკუნეში, ათაბაგ მზეჭაბუკის შერკინებაზე და გამარჯვებაზე ვიგებთ, სადაც მან თათართა ფალავანი – ძალანი “აღიყვანა და უპატიოდ მიწისა ზედა დასცა”.

ქართული ჭიდაობის კონტრიბუცია მსოფლიო სპორტში

ქართული ჭიდაობის ილეთები და ხერხები ცნობილია მთელს მსოფლიოში, სპორტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველმა მოჭიდავეებმა გაიტანეს, რომლებიც ყოველთვის ინტერესს იწვევდნენ განსხვავებული ტექნიკით და ილეთებით. ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა აღიარებული და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი მოჭიდავეების წარმატებაში, რომლებისთვისაც ჭიდაობის მშობლიური ტექნიკები ბევრად უფრო მარტივი აღსაქმელი და სასწავლი გახლდათ. ეს შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ არიან ქართველები ძიუდოში, სამბოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოწინავე ადგილებზე.

1 წელი გავიდა, რაც ნელ-ნელა მივიწყებადი სპორტი, მსოფლიომ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. ნახე იუნესკოს ვიდეო ქართულ ჭიდაობაზე

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply