ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პლანეტის მეცხრამეტე ჩოგანია, კარიერის მანძილზე მან ბევრი ძლიერი და მასზე რეიტინგით წინ მყოფი მეტოქე დაამარცხა – სწორედ ამ სტატიაში გაგაცნობთ, რამდენიმე მათგანს.

2016 წელს ჩატარებულ ვენის ტურნირზე, ქართველმა ჩოგბურთელმა პლანეტის მეათე ჩოგანი ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროს მსოფლიოს 107-ე ჩოგანი იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ნიკოლოზმა 3 სეტში მოიგო 6:4, 6:7, 7:5.

2017 წელს, სოფიაში გამართულ ტურნირზე ნიკოლოზი 87-ე ჩოგნის სტატუსით ჩავიდა – ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე მიაღწია. სწორედ ამ ტურნირზე დაამარცხა ბასილამ ავსტრიელი დომინიკ ტიემი, რომელიც იმ პერიოდში მერვე ადგილს იკავებდა.

სოფიას ტურნირის შემდეგ, ნიკოლოზი საერთო რეიტინგში დაწინაურდა და 67-ე ადგილზე გადავიდა. ამ პერიოდში ის მემფისის ტურნირზე ხვდება და ფინალშიც გადადის, სადაც საბოლოოდ რაიან ჰარისონთან მარცხდება. ტურნირის მერვედფინალში ბასილა მეოცე ჩოგანს დაუპირისპირდა და ხორვატ ივო კარლოვიჩს ორ სეტში მოუგო.

ამავე წლის სექტემბერში, ბასილა რეიტინგში 3 პოზიციით წინ წავიდა და მეცის ტურნირზე გაემგზავრა, სადაც ნახევარფინალში დაძაბული მატჩის შემდეგ ფრანგ მეტოქესთან მატჩი დათმო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში მან ლუქსემბურგელი, მსოფლიოს 23-ე ჩოგანი მიულერი დაამარცხა.

2018 წლის 23 ივლისს, ბასილა 81-ე ჩოგნის სტატუსით ჰამბურგის ღია პირველობაზე ჩაერთო. ტურნირზე მან 7 მეტოქე დაამარცხა და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა. ნიკოლოზმა ჰამბურგზე მსოფლიოს 25-ე და 36-ე ჩოგნები დაამარცხა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი პლანეტის მე-13 ჩოგანთან ჩაატარა, სადაც ესპანელ პაბლო ბუსტას ორივე სეტი მოუგო.

ჰამბურგზე მოპოვებული 520 ATP ქულით, ქართველი ჩოგბურთელი 37-ე ადგილზე გადავიდა და 8 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობაზე ჩაერთო, სადაც მე-18 ჩოგანი, ამერიკელი ჯეკ სოკი 4 სეტში დაამარცხა და მერვედფინალში ნადალს სეტიც მოუგო, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ნადალი საერთო რეიტინგის სათავეში იმყოფებოდა.

ნიკოლოზის ყველაზე დიდ მოგებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პეკინის ღია პირველობა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა და საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა. ამავე ტურნირზე მან ჯეკ სოკი მეორედ დაამარცხა და ბრიტანელი კაილი ედმუნდიც ორ სეტში გამოთიშა შეჯიბრს.

2018 წლის ოქტომბერში გამართულ შანხაის ტურნირზე, ბასილამ კანადელი მეტოქე – მსოფლიოს 29-ე ჩოგანი დენის შაპოვალოვი მარტივად 6:2, 6:2 დაამარცხა.

2019 წელი ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირზე ასპარეზობით დაიწყო, სადაც მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს სეტი მოუგო, სწორედ ამ ტურნირის შემდეგ გახდა ნიკოლოზი მეოცე ჩოგანი.

როტერდამის ღია პირველობის შემდეგ, საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა ერთი საფეხურით წაიწია და 1820 ქულით, მისთვის რეკორდულ – მე-19 ადგილზე გადაინაცვლა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply