ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება. გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას და ჯერ-ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ლეიკერსს ძალიან მრისხანე მეტოქეები ჰყავს, თუმცა ჩვენ შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ აქვს ლებრონ ჯეიმსს და მის თანაგუნდელებს ბეჭდების მოგების სხვებზე მეტი მიზეზი, მოტივაცია და შესაძლებლობა.

1 უსაზღვრო გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი

Ripcity GIF - Find & Share on GIPHY

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კალიფორნიულ ორგანიზაციაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი
ლებრონთან ერთად წლევანდელ ლეიკერსში ირიცხებიან დენი გრინი (2 საჩემპიონო ბეჭდით) და რაჟან რონდო (1 საჩემპიონო ბეჭდით). ისინი უბრალოდ ბეჭდის მფლობელი მოთაშეები არ არიან – ორივე კალათბურთელი თავიანთ საჩემპიონო წლებში გუნდისთვის საკვანძო ფიგურა იყო.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჯავალ მაკგი, რომელსაც ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერეს გუნდის შემადგენლობაში 2 ბეჭედი აქვს მოგებული, აქედან ერთ სეზონში კი ფაქტობრივად სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად მოიაზრებოდა.
ჯავალთან ერთად, გუნდში გოლდენ სტეიტის კიდევ ერთი ბეჭდიანი კალათბურთელი ირიცხება – ქუინ კუკი.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება: ლეიკერსს ეს მენტალიტეტი მხოლოდ პარკეტზე არ შეუძენია – ამ მხრივ მატება სამწვრთნელო შტაბშიც შეინიშნება: მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე გუნდმა ლეგენდარული კალათბურთელი ჯეისონ კიდი მოიწვია, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ულაპარაკოდ დიდი გამოცდილების და მუხტის მომტანი ფიგურა იქნება.

2. გუნდის შემადგენლობის სიღრმე

Happy Rajon Rondo GIF by NBA - Find & Share on GIPHY
ენტონი დეივისთან დაწყვილების შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ ლებრონი, ისევე როგორც ყველა მის საჩემპიონო სეზონში, ე.წ. დიდ სამეულს შეკრავდა. (დუეინ ვეიდი და კრის ბოში მაიამი ჰიტში, კევინ ლავი და კაირი ირვინგი კლივლენდში).
თუმცა ლეიკერსმა მესამე სუპერვარსკვლავის დამატებას გუნდის შემადგენლობისა და სკამის გაძლიერება არჩია.
ზემოთხსენებული “ბეჭდიანი” კალათბურთელების გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევერი ბრედლი და კალდველ-პოუპი. თავის დროზე ორივე კალათბურთელმა აჩვენა, რომ ისინი უბრალოდ სკამის მოთამაშეები არ არიან. ისინი არ არიან ვარსკვლავური კალიბრის მოთამაშეები, მაგრამ ბრედლიც და კალდველ-პოუპიც თავიანთ გუნდებში ხშირად წამყვან მოთამაშეებად და ძირითადის უცვლელ წევრებად ითვლებოდნენ (დეტროიტი, ბოსტონი). ასეთი კალათბურთელების სკამზე ყოლა კი ნებისმიერ გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა.

რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს დუაიტ ჰოვარდიც: 34 წლის ვეტერანი ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ცენტრი იყო. მან ოლ-სტარის მაისური 8-ჯერ მოირგო და ზედიზედ 3-ჯერ გახდა ლიგის საუკეთესო დამცველი. ჰოვარდი ხასიათის კალათბურთელია, შესაძლოა სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა მან ბეჭდის მოგება, თუმცა წლევანდელ სეზონში მისი პროგრესი აშკარაა და შემცირებული სათამაშო წუთების გათვალისწინებით, ის იმაზე ახლოს დგას თავის ძველ ფორმასთან, ვიდრე ეს უკანასკნელ წლებში ვიხილეთ. უჩემპიონო კარიერა კი მისთვის დამატებით მოტივაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

3. დაცვა-შეტევის ბალანსი და სახლის უპირატესობა

Los Angeles Lakers Sport GIF by NBA - Find & Share on GIPHY

 

თუ მოტივაციას, ვარსკვლავების სტატუსსა და სხვა სუბიექტურ ფაქტორებს გვერდით გადავდებთ, ვნახავთ, რომ ლეიკერსი ლიგაში სტატისტიკურადაც ერთ-ერთი წამყვანი გუნდია.
კალიფორნიელები ლიგაში როგორც დაცვით, ისე შეტევის რეიტინგში  მე-4 ადგილზე იმყოფებიან. შედარებისთვის, გასულ სეზონში, დაცვით რეიტინგში, გუნდმა სეზონი ლიგაში 21-ე ადგილზე დაასრულა.
ლეიკერებს როგორც ძირითადში, ისე სათადარიგო სკამზე არაერთი ელიტარული დამცველი მოეძებნებათ.
ასევე, არ უნდა დავივიწყოთ სახლის უპირატესობის ფაქტორიც, რომელსაც დიდი ალბათობით ლეიკერსი მოიპოვებს. გუნდი ფაქტობრივად მთელი სეზონის განმავლობაში კონფერენციის პირველ ადგილზე იმყოფება და, როგორც ჩანს, ამ პოზიციის დათმობას არ აპირებს. ეს შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს მათი მთავარი კონკურენტისა და თანაქალაქელების, ლოს-ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ დაპირისპირებაში.
თუ სეზონი ასეთი ცხრილით დასრულდა, ლეიკერსი თავის მთავარ მეტოქეს კონფერენციის სუპერფინალში სახლის უპირატესობით შეხვდება.

4. ლებრონის ბოლო შანსები და კავაიზე შურისძიება

Bleacher Report GIF - Find & Share on GIPHY

დრო არავის ინდობს – მათ შორის არც მეფეებს. ლებრონი წელსაც ფენომენალურ სეზონს ატარებს, თუმცა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი ცოტა ხნის წინ 35 წლის გახდა. სათამაშო ფორმის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებისა და წარმოუდგენელი ათლეტიზმის მიუხედავად, ის მაინც ვეტერანი კალათბურთელების სიაში იმყოფება. ამიტომ, ყოველ მომდევნო წელს მისი საჩემპიონო შანსები კლებას დაიწყებს.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია კავაი ლეონარდი: თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, კონფერენციის სუპერფინალში ერთმანეთს ორი კალიფორნიული გუნდი დაუპირისპირდება. კალათბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მათი უკანასკნელი დაპირისპირება ფინალურ სერიებში, სადაც ახალგაზრდა კავაი ლეონარდმა კალათბურთის მეფეს დუელი მოუგო და ფინალების საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
სასაცილოა იმის თქმა, რომ ლებრონ ჯეიმსს ვინმესთვის რაიმე აქვს დასამტკიცებელი, თუმცა, კიდევ უფრო დიდი მემკვიდრეობის დასატოვებლად, მეფეს კავაი ლეონარდთან რევანში აუცილებლად სჭირდება.

5. კობი

Kobe Bryant Basketball GIF - Find & Share on GIPHY


ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზეზი უფერულდება ცოტა ხნის წინ დატრიალებულ ტრაგედიასთან. ამ სეზონში ყველასთვის, ვისაც გული ოქროსფერ-იისფერ ფერებში უძგერს, ერთადერთი მიზანი და მოვალეობა ყველა დროის უდიდესი ლეიკერისთვის პატივის მიგება უნდა იყოს. ამ მისიას კი ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები მხოლოდ სეზონის საჩემპიონო დასასრულით თუ მოახერხებენ. ეს გუნდისთვის მთავარი მუხტი და მოტივაცია იქნება. მეტიც, ლებრონ ჯეიმსმა ლეიკერსის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ დადო პირობა, რომ კობის გზას გააგრძელებდა, კობი ბრაიანტის გზა კი სხვა არაფერია, თუ არა მოგება, მოგება და მხოლოდ მოგება.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply