ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, 32 წლის იულიან ნაგელსმანმა ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე ჟოზე მოურინიოს ნამდვილი მასტერკლასი აჩვენა და ფეხბურთის გულშემატკივრები სპორტის მომავალზე დააფიქრა. მას მთელი კარიერა წინ აქვს, ფანები კი იულიანისგან კიდევ ბევრ მასტერკლასს ელოდებიან ლეგენდარული მწვრთნელების წინააღმდეგ.

დღევანდელ ბლოგში, გვინდა მიმოვიხილოთ ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში ლეგენდარული მწვრთნელების მომავალი თაობა წარმოადგინონ.

იულიან ნაგელსმანი

ნაგელსმანი

იულიან ნაგელსმანი 2016 წელს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, როცა ჰოფენჰაიმი ჩაიბარა. გერმანელი სპეციალისტის ინსპირაცია ჟოზე მოურინიო გახლდათ, ჯერ კიდევ მაშინ როცა იულიანი თინეიჯერი იყო.

ნაგელსმანი ყვება, რომ მოურინიოს პორტოს მატჩების ყურებამ განაპირობა მისი სამწვრთნელო სტილი. ჟოზე მოურინიოს პორტო, მისი შემდგომი გუნდებისგან განსხვავებით, დაცვითი სტილით არ გამორიჩეოდა და ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ნაგელსმანი და მოუ ერთმანეთს პირველად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და მატჩი ნაგელსმანის გამარჯვებით დასრულდა.

სტივენ ჯერარდი

ჯერარდი

საფეხბურთო კარიერის დამთავრებამდე დღეებით ადრე, ჯერარდი მილტონ კეინს დონსის მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ განაცხადა, რომ მწვრთნელობისთვის მზად არ იყო. 2017 წლის იანვარში კი ლივერპულის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა.

2018-ში ჯერარდი რეინჯერსის მწვრთნელად დაინიშნა და გუნდის გამოცოცხლებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. გასული წლის 29 დეკემბერს, ჯერარდმა რეინჯერსს სელტიკის წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ პირველი მატჩიც მოაგებინა შოტლანდიის ჩემპიონატში.

მარსელო გალიარდო

გალიარდო

მარსელო გალიარდო ჯერ მხოლოდ 44 წლისაა, მაგრამ უკვე რივერ პლეიტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და ხშირად ბარსელონასაც უკავშირებენ ხოლმე.

მის სადებიუტო სეზონში, მან რივერს კოპა სუდამერიკანა მოაგებინა, ამის შემდეგ კი გუნდთან ერთად კიდევ 9 ტიტული მოიგო, მათ შორის კი ორი კოპა ლიბერტადორესის ტიტულია. ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი ხანია გალიარდოს ევროპაში გადმობარგებას ელიან და ძალიან საინტერესო სანახავი იქნება, როგორ გაართმევს სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე საუკეთესო სპეციალისტი თავს ევროპულ გამოწვევებს.

ფრენკ ლამპარდი

ლამპარდი

ფრენკ ლამპარდის მწვრთნელობის მთავარი პლიუსი ჯერ-ჯერობით ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღების ნიჭია, რაც ლამპარდს ძალიან კარგად გამოსდის. ტომორი, რის ჯეიმსი, მეისონ მაუნტი, ტამი აბრაჰამი და სხვა ახალგაზრდა ლონდონელები მწვრთნელთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილები არიან და ეს ყველაფერი თამაშზეც აისახება.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ თამაშობენ ახალგაზრდები კარგად ლამპარდთან, მისი დისციპლინაა. ვარჯიშზე, გუნდის შეკრებაზე ან თუნდაც მკურნალობაზე დაგვიანების შემთხვევაში, ფეხბურთელები სერიოზულად ისჯებიან.

ჟოზე მოურინიოს ნათქვამი აქვს, რომ ახლანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან რთული მოსარჯულებლები არიან და მაგალითად 21 წლის ფრენკ ლამპარდი მოჰყავს, რომელიც მოუს თქმით ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი გახლდათ. ლამპარდს კი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იგივეს გაკეთება აშკარად გამოსდის.

სიმონე ინძაგი

ინძაგი

სიმონე ინძაგის უკვე განიხილავენ მომავალ იტალიელ სუპერმწვრთნელად. მას ლაციოს გასახდელში ელ ლოკო შეარქვეს, რაც გიჟს ნიშნავს, იგი უზომოდ ექსცენტრიულია და ლაციოსთან ერთად ისეთ მწვერვალებს იპყრობს, რომელსაც არავინ ელოდა.

ინძაგიმ ლაციო პირველივე სეზონში კოპა იტალიას ფინალში გაიყვანა, სერია ა-ში კი გუნდმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაამთავრა, მაგრამ ინტერსა და მილანს გადაუსწრო. ინძაგიმ ბარსელონას აკადემიიდან წამოსული კეიტა ბალდე ვარსკვლავად აქცია, ჩირო იმობილეს მეტნაკლებად ჩამქრალი კარიერა კი თავიდან გამოაცოცხლა.

ლაციო ახლა მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, სიმონე ინძაგის კი წინ დიდი სამწვრთნელო კარიერა აქვს.

მიკელ არტეტა

არტეტა

მიკელ არტეტას მწვრთნელობას გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელოდება, რადგან მანჩესტერ სიტის გასახდელიდან გამოსული ჭორების მიხედვით, არტეტა გვარდიოლას გასახდელში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და მოწინააღმდეგეების სისუსტეების შესახებ ინფორმაციას პეპისთვის სწორედ ის აგროვებდა და განიხილავდა.

არტეტამ არსენალის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გულშემატკივრებს მცირე სიხარულისა და იმედის ქონის მიზეზები ნამდვილად მისცა. იუნაიტედთან და ჩელსისთან გამართულ მატჩებში, არსენალმა ამ შემადგენლობით ალბათ შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა, არტეტას თავკაცობით გამართულ 10 მატჩში კი მეთოფეებს მხოლოდ 1 წაგება აქვთ.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply