სათასო მატჩების შემდეგ, უიქენდი ცხელი მატჩებით გვიბრუნდება.
გთავაზობთ 5 ყველაზე საინტერესო მატჩს შაბათ-კვირის თამაშებიდან.

1 მანჩესტერული დერბი

როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები, მანჩესტერული დერბი ყოველთვის დიდი საფეხბურთო მოვლენაა.
მატჩს ორივე კლუბი კარგ ხასიათზე ხვდება: სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მადრიდის რეალი დაამარცხა და მეოთხედფინალში გასვლისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. გვარდიოლას შეგირდები FA თასის მერვედფინალში შეფილდსაც გასცდნენ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
გუარდიოლას პრემიერლიგაში ყველაფერი გარკვეული აქვს: ქალაქელები მყარ მე2 ადგილს ინარჩუნებენ და ნაკლებად სავარაუდოა ეს მოცემულობა შეიცვალოს, შესაბამისად, მანჩესტერ სიტის ერთადერთი საზრუნავი დერბიში ადგილობრივი ფანებისთვის სანახაობრივი თამაშის შეთავაზება უნდა იყოს.

კარგ ხასიათზე ხვდება მატჩს იუნაიტედიც: 2020 წლის მძიმე დასაწყისის შემდეგ, გუნდმა თავისი თამაში იპოვა და წითელ ეშმაკებს 8 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის ახალწვეულის, ბრუნო ფერნანდეშის კაშკაში – პორტუგალიელი ახალ გუნდს მშვენივრად მოერგო და უკანასკნელ 3 თამაშიდან ყველაში გაიტანა.
თუმცა თანაქალაქელებისგან განსხვავებით, იუნაიტედს საქმე მოსალხენად არ აქვთ: ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ლონდონის ჩელსის ებრძვიან და მათთვის ყოველი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2 ატალანტა – ლაციო

ამ მატჩში ერთმანეთს ორი ყველაზე გამტანი იტალიური გუნდი უპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში ატალანტა ევროპის ყველაზე “მხიარული” გუნდია. ტოპ ჩემპიონატებში ბერგამოელებზე მეტი გოლი მხოლოდ მიუნხენის ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენს აქვს გატანილი. თუმცა პარიზელებს 2 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული და თამაშში გოლების საშუალო რაოდენობით ატალანტა მხოლოდ მიუნხენურ გრანდს ჩამორჩება.

ძალიან ბევრი გოლი გააქვს ბერგამოელების მეტოქესაც – ლაციო გატანილი ბურთების რაოდენობით იტალიაში მხოლოდ ატალანტას ჩამორჩება. თუმცა ლაციო მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ძალიან ცოტას უშვებს (23 გოლი). სერია ა-ში რომაელებზე ნაკლები გოლი მხოლოდ ინტერს აქვს გაშვებული (22), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მილანელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

გოლების წვიმის გარდა, ეს მატჩი სატურნირო მდგომარეობითაც ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ლაციო წელს საოცარ თამაშს აჩვენებს და გუნდი იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ძალიან ბევრი წელია გუნდი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს მოგებასთან ასე ახლოს არ ყოფილა, ამიტომ მათი მხრიდან მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია.
თავის მხრივ, ქულები ატალანტასაც სჭირდება. გუნდი მე4 პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევარს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

ამ მატჩში მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავა.

3 გლადბახი – დორტმუნდი

შაბათ-კვირის მატჩებიდან, დორტმუნდი – გლადბახი ტოპ ლიგებიდან ერთადერთი მატჩია, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი ხვდება.
ამ 2 გერმანული გუნდის დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი გამოდის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიან დერბებს შორისაა. 95 მატჩიან ჩრდილო რაინ-ვესტფალიურ
დერბიში საშუალოდ 3,3 გოლი გადის. ეს რიცხვები უკანასნკელ 10 დაპირისპირებაში კიდევ უფრო მეტია – საშუალოდ 3,6 გოლი.

თუმცა ბოლო დაპირისპირებებში დორტმუნდი საოცარ უპირატესობას ფლობს: გლადბახი  უკანასკნელი ათი დერბიდან ათივეში დამარცხდა!

მატჩი სატურნირო ცხრილის პერსპექტივიდანაც ძალიან საინტერესოა: ორივე გუნდი საჩემპიონო რბოლაშია. დორტმუნდი მეტოქეს 3 ქულით უსწრებს, თუმცა გლადბახს რეზერვში 1 თამაში აქვს და მოგების შემთხვევაში მეორეადგილოსან ლაიპციგს გაუტოლდება.

გარდა ამისა, დორტმუნდს მატჩიდან რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელებთან ბრძოლა უწევს, რაც გლადბახის ანტირეკორდული სერიის დასრულებისთვის მეტ მოტივაციას აძლევს.

4 სევილია – ატლეტიკო
ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. სევილია ცხრილის მე3 ადგილზე იმყოფება და მე5 ადგილოსან ატლეტიკოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. გამარჯვება ორივე გუნდისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვნია.
მატჩს გუნდები კარგ ფორმაში ხვდებიან: ორივე გუნდს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.
ატლეტიკოსთვის წლევანდელი სეზონი უკანასკნელ წლებში ალბათ ყველაზე სუსტია, თუმცა მეორე წრეში გუნდმა პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, ქულების მოპოვებაც დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ფავორიტი, ლივერპული დაამარცხა.
ევროტურნირებზე კარგად ასპარეზობს სევილიაც – დალაქებმა ევროპა ლიგის პლეიოფებში რუმინული კლუჟის ბარიერი გადალახეს და მერვედფინალის ადგილიც გაინაღდეს.

უკანასკნელი 3 დაპირისპირება ანგარიშით 1-1 დასრულდა, ხოლო ატლეტიკომ საკუთარ კედლებში სევილია ბოლოს 2017 წელს დაამარცხა.

გუნდებს შორის თამაში ყოველთვის მაღალი დაძაბულობით გამოირჩევა: სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ორივეს მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის ბრძოლა სჩვევია.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბოლო 3 დაპირისპირებაში არბიტრი საშუალოდ 9 ბარათზე მეტს აჩვენებს.


5 დინამო თბილისი – დინამო ბათუმი
საქართველოს რიგით 32-ე ჩემპიონატმა სტარტი წინა კვირას აიღო. მე2 ტურში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი და დინამო ბათუმი უპირისპირდებიან.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში საკუთარ კედლებში თელავი მიიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

სეზონის უკეთესი სტარტი არც თბილისელთა მეტოქეს გამოუვიდა: დინამო ბათუმმა მერანს უმასპინძლა და ეს მატჩიც უგოლო ფრით მორჩა.

გასული სეზონის ჩემპიონობის ბედი სწორედ ამ ორ გუნდს შორის გადაწყდა.
შესაბამისად, შეხვედრა ძალიან პრინციპულია და ტურის ცენტრალურ მატჩად ითვლება.
დინამო საკუთარ კედლებში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის დამარცხებას შეეცდება, ხოლო ბათუმელები შარშანდელი სეზონის რევანშისთვის არაფერს დაიშურებენ.

მატჩი გაიმართება 8 მარტს, 18:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply