5. კრაუჩი v გალათასარაი

2006 წელს ლივერპულმა გალათასარაის ენფილდზე დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგო, გამარჯვების გოლი კი უზარმაზარმა პიტერ კრაუჩმა გაიტანა.

პიტერ კრაუჩი სიმაღლეში 2.01 მეტრია, რის გამოც მისი დარტყმული მაკრატელა ძალიან უნიკალური სანახავი იყო და ლივერპულის ისტორიაში ლამაზ მოგონებადაც დარჩა.

2019 წელს Uefa.com-მა გამოკითხვა ჩაატარა თუ რომელი მაკრატელა იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო, რონალდუს და ბეილის მაკრატელებზე მეტი ხმა კი პიტერ კრაუჩმა მოაგროვა.

“ამ ფეხბურთელებმა ყველაფერი მოიგეს. ეს ყველაფერი ხუმრობა მგონია. შვილებს მოვუყვები, რომ მათზე მეტი ხმა მოვაგროვე” – დაწერა კრაუჩმა ტვიტერზე, როცა სიახლე გაიგო.

4. მანჯუკიჩი v რეალი

მარიო მანჯუკიჩის მაკრატელა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია, მაგრამ იუვენტუსის ფანები ამ გოლს მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ გაიხსენებენ ხოლმე.

მანჯუკიჩმა ფინალის პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ამ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაათანაბრა და ტურინელები მატჩში დააბრუნა, მაგრამ კაზემიროსა და რონალდუს გოლებით ყველაფერი მალევე დასრულდა და იუვენტუსმა ფინალი გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ისეც და ასეც, მანჯუკიჩის მაკრატელა ძალიან ლამაზი იყო.

3. ბრესანი v ბარსელონა

მაურო ბრესანი მაინცდამაინც დიდი ფეხბურთელი არ ყოფილა, კარიერის დიდი ნაწილი მან კალიარის, ვენეციას, ჯენოას და მსგავსი დონის გუნდებში გაატარა. აი მისი კარიერის პიკი, 1999 წლიდან 2001 წლამდე, ფიორენტინაში თამაშის დროს იყო.

იგი ფიორენტინას ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ სამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშა და 1999 წლის ნოემბერში, საკუთარი სახელი უეფას ტურნირების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა, როცა ბარსელონას კარში მაკრატელა 25 მეტრიდან გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი შემოგვთავაზა.

2. რონალდო v იუვენტუსი

კრიშტიანუ რონალდუ არასდროს მალავდა, რომ ერთადერთი გოლის კატეგორია, რომელიც მის კარიერას აკლდა, მაკრატელა იყო. რონალდუს გვერდული დარტყმით რამდენჯერმე აქვს გატანილი, მაგრამ კლასიკური მაკრატელის გასატანად 2018 წლამდე მოუწია მოცდა.

როცა პორტუგალიელს სათანადო მაკრატელის გატანა ეღირსა, მან ეს ლეგენდარულად გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, იუვენტუსის წინააღმდეგ, რონალდუმ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა და ტურინელი გულშემატკივრებისგან გულწრფელი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

1. ბეილი v ლივერპული

რონალდუს გოლიდან რამდენიმე კვირაში, მადრიდის რეალმა კიდევ ერთი ლეგენდარული მაკრატელა გაიტანა, ამჯერად კი ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხდა.

ალბათ ერთადერთი გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი საუკეთესო გოლის ნომინაციაში ბეილის მაკრატელას კონკურენციას უწევს, ზიდანის გოლია ლევერკუზენის კარში, მაგრამ რეალის ფანებს წესით და რიგით არც ერთ არჩევანთან არ ექნებათ პრობლემა.

ბეილს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში სამი გოლი აქვს გატანილი და ტრავმებით დატანჯული კარიერის მიუხედავად, თავის სახელს ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად დატოვებს.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply