5. ტოტენჰემი 3:5 მანჩესტერ იუნაიტედი

პრემიერ ლიგის ისტორიაში, ერთ-ერთი, საუკეთესო ქამბექი 2001/02 სეზონის მერვე ტურში მოხდა. სერ ალექს ფერგიუსონის სახელი უკვე დიდი ხანია ბოლო წუთზე მოგებულ მატჩებთან და დაძაბულ, სანახაობრივ გამარჯვებებთან ასოცირდება, სწორედ ასეთი იყო მეორე ტაიმში მომხდარი ქამბექი 2001 წლის სექტემბერში.
პირველი ტაიმის ბოლოს, უაიტ ჰარტ ლეინზე შეკრებილი პუბლიკა იუნაიტედის დამცირებას უყურებდა და დეზების ყოველი პასის შემდეგ თეთრებს ტაშს უკრავდნენ, დინ რიჩარდსს ამ დღეს ტოტენჰემში დებიუტი ჰქონდა და გოლის გატანა მოახერხა, ლეს ფერდინანდმა და კრისტიან ზიგემ კი სხვაობა სამამდე გაზარდეს.
ფერგიუსონისგან უხეში სიტყვების მოსმენის შემდეგ, უნაიტედმა მეორე ტაიმში ყველაფერი შეცვალა. სილვესტრემ დენის ირვინი ჩაანაცვლა, ნიკი ბატის ნაცვლად კი მოედანზე ოლე გუნარ სოლშაერი შემოვიდა და სტუმრები 3 თავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადაერთნენ, რამაც იდეალურად გაამართლა. ქამბექის მთავარი შემოქმედი დევიდ ბექჰემი იყო, რომელმაც 3 საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა.

4. ნორვიჩი 4:5 ლივერპული

ლივერპული იანვარს ისე ამთავრებდა, რომ 2016 წელს ჯერ ერთ გამარჯვებაც არ ჰქონდათ მოპოვებული. ნორვიჩის წინააღმდეგ მათი მატჩისგან ბევრს არავინ არაფერს ელოდა, მითუმეტეს იმას, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მატჩს იხილავდნენ, მაგრამ სწორედ ასე მოხდა.
რობერტო ფირმინომ ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც ნორვიჩელებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და 54′ წუთზე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ ლივერპულმა მომდევნო 8 წუთში ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
75′ წუთზე ჯეიმს მილნერის გოლით ლივერპული დაწინაურდა, სებასტიან ბასონგმა კი ანგარიში 92′ წუთზე გაათანაბრა და ყველას ეგონა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 95′ წუთზე ადამ ლალანამ ლივერპულს გამარჯვება მოუტანა და პატარა პრევიუ შემოგვთავაზა იმისი, თუ რა გველოდებოდა იურგენ კლოპის ლივერპულისგან მომდევნო წლებში.

3. ვესტ ბრომვიჩი 5:5 მანჩესტერ იუნაიტედი

სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი ფიგურაა და მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც შოტლანდიელი გენიოსი იმსახურებდა.
თუმცა, ანგარიში ფერგისთვის სასიხარულო არ ყოფილა. ეს წვეულება რომელუ ლუკაკუმ ჩაშალა, რომელმაც იუნაიტედის კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა და სერ ალექსს გამოსამშვიდობებელ მატჩში 3 ქულა წაართვა, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა – იუნაიტედი ამ მატჩს უკვე ჩემპიონის სტატუსით შეხვდა.
სტუმრები 3:0 იგებდნენ, სანამ ჯეიმს მორისონმა და რომელუ ლუკაკუმ სხვაობა ერთამდე დაიყვანეს. ამის შემდეგ რობინ ვან პერსიმ და ჩიჩარიტომ ანგარიში 5:2 გახადეს და მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა იუსუფ მულუმბუს გოლმა და ლუკაკუს ბოლო წუთებზე შესრულებულმა დუბლმა, ფერგის გამარჯვება წაართვა, მაგრამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი აჩუქა.

2. ნიუკასლი 4:4 არსენალი

როცა პრემიერ ლიგის ქამბექებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ეს თრილერი დავივიწყოთ. ამ მატჩში არსენალი, რომელიც ამ დროისთვის მეორე ადგილზე იყო, მეცხრეადგილოსან ნიუკასლს 26-ე წუთზე ოთხბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, ამის შემდეგ კი ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი ვიხილეთ.
უიმედობის გამო, სენტ ჯეიმს პარკი ძალიან ბევრმა ნიუკასლის გულშემატკივარმა დატოვა. რთულია წარმოდგენა, როგორ ნანობენ ისინი ამ გადაწყვეტილებას.
ჯოი ბარტონის 2 პენალტის და ლეონ ბესტის გოლის წყალობით, მატჩის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე ნიუკასლს ერთადერთი გოლი ჭირდებოდა.
ამის შემდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი კოტ-დ’ივუარელმა ჩეიკ ტიოტემ გაიტანა, რომელიც სამწუხაროდ 2017 წელს გარდაიცვალა. მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, საჯარიმოს გარედან მისმა საჰაერო დარტყმამ სენტ ჯეიმს პარკი ააფეთქა და ნიუკასლი ერთადერთი გუნდი გახადა პრემიერ ლიგის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში ოთხ ბურთიანი სხვაობა გადაარჩინა.

1. მანჩესტერ სიტი 3:2 ქპრ

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტის “93:20” ქამბექი ყველაზე დიდი სხვაობიდან მოტრიალებული მატჩი არ ყოფილა, ის ორი გოლი, რომელიც ქალაქელებმა დამატებით დროში გაიტანეს, გუნდისთვის 1968 წლის შემდეგ პირველი პრემიერ ლიგის ტიტულის მომტანი იყო, ეს ყველაფერი კი ბოლო ტურში მოხდა.
მანჩესტერ სიტის ამ სეზონში ქამბექი მხოლოდ ქუინს პარკის წინააღმდეგ არ გაუკეთებია, ქალაქელები სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს სეზონის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე 8 ქულით ჩამორჩებოდნენ. რობერტო მანჩინიმ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ტიტულის მოგება თითქმის ცარიელ ოცნებად იყო დარჩენილი.
იუნაიტედმა უიგანთან და ევერტონთან წააგო, ამის შემდეგ კი სიტისთან დამარცხდნენ ეტიჰადზე, რის შემდეგაც სეზონის დამთავრებამდე მხოლოდ 2 მატჩი რჩებოდა და იუნაიტედს სეზონის გადარჩენის დრო აღარ ჰქონია.
სეზონის უდაძაბულეს კულმინაციაში, სიტის გასავარდნ ზონასთან მყოფ ქპრ-სთან მოგება სჭირდებოდა, მაგრამ 66′ წუთიდან საკუთარ მოედანზე 1:2-ს აგებდნენ. ედინ ჯეკომ და სერხიო აგუერომ კი გოლები 90+ წუთებზე გაიტანეს და სეზონის ისეთი დასასრული შემოგვთავაზეს, რომელზეც ნებისმიერი ჰოლივუდის მწერალი იოცნებებდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply