გოგა ბითაძის ამერიკული კარიერა ჯერ-ჯერობით ისე შთამბეჭდავად ვერ მიდის, როგორც ქართველ გულშემატკივრებს სურთ. ეს კი შეგვიძლია დრაფტის უიღბლობას დავაბრალოთ, რადგან ქართველი ცენტრი ისეთმა გუნდმა აიყვანა, სადაც მას თამაშის ძალიან მცირე შანსი თუ ექნებოდა. ინდიანა პეისერსი წელს მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და აღმოსავლეთ კონფერენციის ექვსეულში მყარად იკავებს ადგილს. გუნდს ჰყავს ორი ძალიან კარგ ფორმაში მყოფი, ახალგაზრდა და პერსპექტიული ცენტრი – მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. ამ დუეტის წყალობითა და საბონისის მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშის უნარით, ინდიანას შეუძლია პარკეტზე ყოველთვის ყავდეს ძლიერი ცენტრი, რაც გოგას ძალიან მცირე სათამაშო დროს უტოვებს.

ჩვენ გთავაზობთ 5 გუნდს, სადაც გოგას გადასვლის შემთხვევაში თავის უკეთ გამოჩენის შესაძლებლობა ექნება.

5. დეტროიტი

ანდრე დრამონდის გაშვების შემდეგ, დეტროიტში ცენტრის ადგილი გამოთავისუფლდა. გუნდის მეორე მაღალი ლიდერი, ბლეიკ გრიფინი კი ტრავმებისკენ მიდრეკილია და თითქმის ყველა სეზონში მატჩების ნახევარს მაინც ტოვებს.
პისტონსი ყოველთვის ცენტრებისა და მძიმე ფორვარდების გუნდი იყო, ისინი მაღალი კალათბურთელების კულტურით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.
თანაც გუნდს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას და დეტროიტული გუნდის მფლობელებმა გუნდის რეორგანიზაციაზე, ანუ იგივე “რებილდინგზე” ზრუნვა მალე უნდა დაიწყონ.
ეს ფაქტორები აღმოსავლეთ კონფერენციის ლეგენდარულ გუნდს გოგას კარიერისთვის მიმზდიველ ვარიანტად აქცევს.

4. მემფისი

მემფისს არანორმალურად მაგარი ახალგაზრდები ჰყავს. გუნდის ძირითადი ბირთვის აბსოლუტური უმრავლესობა 23 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. იმის გათვალისწინებით, რომ ვილიოამსონმა სეზონის დიდი ნაწილი სრულად გამოტოვა, დიდი ალბათობით 2019/2020 წლის საუკეთესო ახალწვეულის ტიტულსაც მემფისური გუნდის რჩეული, ჯა მორანტი დაეუფლება.
მემფისი აშკარად მომავლის პროექტია, ახალგაზრდებზე ორიენტირებული სელქეციით. გოგას გრიზლისში გადასვლა შეიძლება მისთვის ძალიან ხელსაყრელი შანსი გამოდგეს.
გუნდის მთავარი ცენტრი, იონას ვალანჩიუნასი წელს 5 ქულით ნაკლებს აკეთებს, ვიდრე წინანდელ სეზონში, ასე რომ ლიტველი ცენტრისთვის გარანტირებული არაფერი არ არის.
თანაც გოგა თავისი მოხსნებით, დაცვითი ინსტინქტებითა და მაღალი საკალათბურთო ინტელექტით გუნდის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს, მძიმე ფორვარდ ჯარენ ჯექსონ ჯუნიორსს საკმაოდ კარგად უნდა შეეწყოს

3. კლივლენდი

კავალიერსმა ცოტა ხნის წინ ანდრე დრამონდი დაიმატა. საეჭვოა, ყოფილმა დეტროიტელმა ვარსკვლავმა ვინმეს სათამაშო წუთები გაუყოს, თუმცა ბევრისთვის დრამონდის ძალიან მსუყე კონტრაქტი მის სათამაშო შესაძლებლობებს ბოლომდე არ შეესაბამება. ბევრის აზრით, კლივლენდი ამერიკელ ცენტრს არ დაიტოვებს და ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, გუნდისთვის გამოთავისუფლდება ცენტრის პოზიცია და ეს გოგასთვის კარგი შანსი იქნება.
თანაც, ბლეიკ გრიფინის მსგავსად, გუნდის მეორე მთავარი “მაღალი,” კევინ ლავიც ტრავმებისკენ საკმაოდ მიდრეკილია, რაც გუნდში ახალგაზრდებს ხშირად უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს.

2. პორტლენდი

პორტლენდს ცენტრის პოზიციაზე საკმაოდ პერსპექტიული ცენტრი, იუსუფ ნურკიჩი ჰყავს. თუმცა ბოსნიელმა წინა სეზონში ჯვარედინი მყესები დაიზიანა და წელს ლიგაში 1 თამაშიც კი არ ჩაუტარებია. სამწუხაროდ, ასეთი უმძიმესი ტრავმის შემდეგ სპორტსმენების უმეტესობა ჩვეულ დონეზე თამაშის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ ხოლმე, მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ კაზინსი, რომელიც მსგავსი ტრავმის შემდეგ ვეღარაფრით დაბრუნდა.
თუ ნურკიჩმა ჩვეული ფორმა ვერ დაიბრუნა, ეს პორტლენდისთვის ფაქტობრივად “რებილდინგის” დასაწყისს ნიშნავს, შესაბამისად, გუნდმა აქტიურად უნდა დაიწყოს ახალგაზრდა ცენტრების ძიება.

1 სან ანტონიო

სხვა ვინ თუ არა უბერებელი გრეგი? ალბათ არავის არ გამოსდის ახალგაზრდა ტალანტებთან ისე მუშაობა, როგორც ტეხასური კლუბის ლეგენდარულ მწვრთნელს.
სან ანტონიოს ძალიან მძიმე დღეები უდგას: წინა 22 სეზონი გუნდი პლეიოფში გასვლას ყოველთვის ახერხებდა, რაც ფენომენალური შედეგია. თუმცა დიდი სამეულის წასვლის, ასევე კავაი ლეონარდის დაკარგვის შემდეგ თაობათა ცვლა დაიწყო და გუნდიც საპლეიოფო ზონიდან ამოვარდა.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სან ანტონიოს ფაქტობრივად არ ჰყავს გამორჩეული ცენტრი, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კი ლამარკუს ოლდრიჯი თამაშობს, რომელსაც წელს 35 წელი შეუსრულდება.
შესაბამისად, სან ანტონიო არის გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო მწვრთნელი და ძალიან სუსტი კონკურენცია “მაღალ” კალათბურთელებში, რაც გოგას ტეხასურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში მას ბევრ სათამაშო დროს და უდიდეს გამოცდილებას მოუტანს.

adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა!

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე!

საქართველოს კალათბურთის ნაკრები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply