2018-19 წლების პრემიერ ლიგის სეზონში მანჩესტერ სიტი და ლივერპული ბოლო პერიოდის ყველაზე დაძაბულ, პირველი ადგილისთვის, რბოლას გვთავაზობენ. მიმდინარე სეზონში არაერთი მომენტი ვნახეთ, რომლებიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

გასულ სეზონში, ESPN-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლივერპული პრემიერ ლიგის ყველაზე უიღბლო კლუბი იყო. მერსესაიდულმა გუნდმა 12 ქულა დაკარგა დაუმსახურებლად. საინტერესოა, განმეორდება თუ არა იგივე მიმდინარე სეზონში, ახლა წითლებს შანსი აქვთ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდნენ, რომელიც 97 ქულას მოაგროვებს, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდება. გთავაზობთ ეპიზოდებს, რომლებმაც შესაძლოა პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვიტოს.

მაჰრეზის გაცუდებული პენალტი: ლივერპული 0:0 სიტი

ჩემპიონობის კანდიდატები პირველად ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდნენ და საკმაოდ მოსაწყენი მატჩი ჩაატარეს. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტურისგან იყვნენ დაღლილები და ძალებს მაქსიმალურად ზოგავდნენ. თითქოს, ორივე გუნდი თანახმა იყო რომ ფრედ ეთამაშათ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რიად მაჰრეზი იყო, რომელმაც ყველა სხვა ფორვარდისგან განსხვავებით, რეალური ხიფათი შექმნა მოწინააღმდეგის კართან.

მეორე ტაიმში ერთი ერთზე გასული ლეროი სანე ვირჯილ ვან დეიკმა უკნიდან მოჩეხა და სიტიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა. მაჰრეზმა ბურთი არავის დაუთმო, მაგრამ კარში საშინლად დაარტყა. ეს მისი მეხუთე გაცუდებული პენალტი იყო ბოლო 8 დარტყმიდან, პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.

თუ ლივერპულმა პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო, რიად მაჰრეზი, რომელიც სიტის ერთადერთი დიდი ტრანსფერი იყო ამ ზაფხულს, შესაძლოა მათი პრემიერ ლიგის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

პიკფორდის ხელიდან გავარდნილი ბურთი: ლივერპული 1:0 ევერტონი

მერსესაიდული დერბები ყოველთვის დაძაბულია და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. ლივერპულს არაერთი მომენტი ჰქონდა, ევერტონი გაშვებული გოლისგან ძელმაც იხსნა.

თუმცა, მატჩის 96 წუთზე უჩვეულო რამ მოხდა. ალექსანდრ-არნოლდის ჩაწოდებული ბურთი ევერტონის მცველებმა საჯარიმოდან გამოიტანეს, ვირჯილ ვან დეიკმა კი კარში დარტყმა სცადა, რაც საშინლად გამოუვიდა. ბურთი ძალიან მაღლა ავარდა, თუმცა, ხაზს არ გადაცდენია და კარისკენ წავიდა. ჯორდან პიკფორდმა ბურთი კუთხურზე არ გადააგდო და მისი ხელში დაჭერა სცადა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ორიჯის მიუვიდა, რომელმაც გოლი გაიტანა და ლივერპულს მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.

ტაუნსენდის შესანიშნავი გოლი: სიტი 2:3 კრისტალ პალასი

სიტიმ ქულა ამ სეზონში სულ ექვსჯერ დაკარგა, აქედან სამი შემთხვევა დეკემბერში იყო, როცა გუნდმა ჩელსისთან, ლესტერთან და კრისტალ პალასთან წააგო. ყველაზე უცნაური ამ ბოლოსთან დამარცხება იყო.

ანგარიში ილკაი გუნდოგანმა გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ კრისტალ პალასმა ქალაქელებს სამი გოლი გაუტანა და გვარდიოლას გუნდი მოშალა. მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი 35 წუთზე ანდოს ტაუნსენდის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი იყო, ამ ეპიზოდის შემდეგ სიტიმ პირველ ნომრად თამაში ვეღარ შეძლო და ყველანაირი კონტროლი დაკარგა.

სტოუნსის კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი: სიტი 2:1 ლივერპული

თუ წელს ლივერპულს ჩემპიონობამდე 3 ან ნაკლები ქულა დააკლდება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მერსესაიდელებს ჩემპიონობამდე 11 მილიმეტრი დააკლდათ. დიახ, ერთ სანტიმეტრზე სულ ოდნავ მეტი.

ლივერპულს ამ თამაშის მოგება შეეძლო. პირველ ტაიმში თითქმის ყველა მომენტი მერსესაიდელებმა შექმნეს. მეკარესთან პირისპირ გასულმა სადიო მანემ ბურთი ძელს მოახვედრა, სიტისთვის საბედნიეროდ კი ბურთი სტოუნსსა და ედერსონს შორის გადმოვარდა. თუმცა, ბურთზე თამაში ორივემ სცადა, რითიც ერთმანეთს ხელი შეუშალეს. მცველი ბურთის მოსაგერიებლად გაიქცა, მეკარე კი ხელში დასაჭერად გადახტა. შედეგად, სტოუნსის დარტყმული ბურთი ედერსონს მოხვდა და ისევ კარისკენ წავიდა. ბურთმა ხაზი გადაკვეთა, თუმცა ბოლომდე არა. მთელი ლივერპული გოლის დაფიქსირებას ითხოვდა, მაგრამ კარის ხაზის ტექნოლოგიამ აჩვენა, რომ ბურთს ხაზის გადაკვეთამდე 11 მილიმეტრი დააკლდა.

ამის შემდეგ, აგუერომ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ფირმინოს მიერ გათანაბრებული ანგარიშის მიუხედავად, სიტი ბევრად უკეთ თამაშობდა და სანემ გამარჯვების გოლი გაიტანა. სიტიმ ამ მატჩის შემდეგ ლივერპულთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply