ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნებას თითქმის არავინ ელოდა. ფრანგმა სპეციალისტმა გასულ ზაფხულში მადრიდული გრანდი თავისი ნებით დატოვა, მიზეზად კი გუნდში ძირეული ცვლილებების საჭიროება დაასახელა, რომელთა განხორციელებაზეც ფლორენტინო პერესი მაშინ უარს ამბობდა. გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ყველა მორიგ „სუპერტრანსფერს“ ელოდა, თუმცა მადრიდელთა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 18 წლის ვინიციუს ჟუნიორი იყო.

ასეთმა სატრანსფერო პოლიტიკამ არ გაამართლა და პერესის პრეზიდენტობის პერიოდში, უკვე მეოთხედ, „რეალი“ მორიგ უტიტულო სეზონს ატარებს. წინა სამი შემთხვევიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ზაფხულში „რეალი“ დიდ თანხას დახარჯავს. ზიდანის მოსვლის მთავარი პირობაც, სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო. ესპანურ პრესაზე დაყრდნობით ზიზუს საწყისი სატრანსფერო ბიუჯეტი 300€ მილიონი იქნება, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხაც დაემატება.

რა ტრანსფერების განხორციელება სურს ზიდანს? რომელი ვარიანტებია რეალური?

აზარი

ედენ აზარი

ბელგიელი სუპერვარსკვლავის „რეალში“ გადმოსვლასთან დაკავშირებულ ჭორებს ყოველ წელს ვკითხულობთ, თუმცა წლევანდელი ზაფხული ამ მხრივ გამორჩეულია.

აზარს ჩელსისთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება და როგორც ჩანს, გახანგრძლივებას არ აპირებს. თუ „ჩელსი“ ბელგიელს ამ ზაფხულში არ გაყიდის მისი გაშვება გაისად უფასოდ მოუწევთ.

არისტოკრატების ვინგერი არასდროს მალავდა ზიდანის გაწვრთნილ გუნდში თამაშის სურვილს და როგორც ის ამბობს: „რეალში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა“.

აზარის სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის მიხედვით 150€ მილიონია, თუმცა კონტრაქტის ბოლო წელს ფეხბურთელებს შედარებით იაფად ყიდიან ხოლმე.

კანტე

ნ’გოლო კანტე

2003 წელს „რეალმა“ გუნდიდან კლოდ მაკელელე გაუშვა და მის ნაცვლად დევიდ ბექჰემი შეიძინა. ზიდანმა პერესი საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ მაკელელეს ბექჰემით ჩანაცვლება იგივე იყო, რაც ძრავაამოცლილი მერსედესის ოქროსფრად გადაღებვა.

კალჩომერკატოს ცნობით, ზიდანის პირველი მოთხოვნა გუნდში კანტეს ტრანსფერი იყო, რომელიც სათამაშო სტილით ძალიან გავს მაკელელეს.

„გალქტიკოს“ პერიოდში რეალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ არცერთი „გალაქტიკო“ ახალგაზრდა არ ყოფილა და სწორედ ამიტომ 23 წლის მაკელელე, რომელიც მოედნის ყველა წერტილში დარბოდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუ მოდრიჩის, მარსელოს და სხვა ვეტერანი ფეხბურთელების ასაკს გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია კანტე „რეალში“ მსგავს ამპლუაში მოგვევლინოს.

ერიკსენი

კრისტიან ერიკსენი

სკანდინავიელი ნახევარმცველი, რომელიც „ტოტენჰემის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა, მორიგი ფეხბურთელია, ვისაც კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და „რეალში“ გადასვლა შედარებით დაბალი თანხის სანაცვლოდ შეუძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარგი ინდივიდუალური შედეგები ერიკსენს საკლუბო ტიტულების მოგებაში ვერ ეხმარება, 6 წლის შემდეგ დანიელ ნახევარმცველს „სპურსის“ რიგებში ერთი ტურნირიც არ აქვს მოგებული.

2013 წელს ერიკსენი „ტოტენჰემმა“ ზუსტად ლუკა მოდრიჩის შემცვლელად შეიძინა და „რეალში“ გადმოსვლის შემთხვევაში იგი კვლავ ხორვატიელი ვეტერანის კვალს გაყვება.

მბაპე

კილიან მბაპე

მბაპეს ყიდვას „რეალი“ უკვე მრავალი წელია ცდილობს. გასულ კვირაში „ზიდანის“ წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე: „მბაპე თუ ნეიმარი?“- ფლორენტინო პერესმა უპასუხა – „ორივეო“, რამაც ფრანგი ფორვარდის მადრიდში გადმობარგებაზე კვლავ აალაპარაკა პრესა.

როდესაც პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის მბაპეს სატრანსფერო ფასის დასახელება სთხოვეს, ყატარელმა ბიზნესმენმა უპასუხა, კილიანს მილიარდის სანაცვლოდაც არ გავყიდი-ო.

როგორც მბაპეს ოჯახის წევრები ამბობენ, 20 წლის ფეხბურთელი თავის მომავალს „მადრიდში“ ხედავს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი ამ წელს არ შედგება.

იკარდი

ჟოაო ფელიქსი, იკარდი და ლუკა იოვიჩი

ერთი რამ, რაც „რეალს“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად აკლია – გოლის გამტანი ფეხბურთელი. ხოლო წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა ახალგაზრდა ფორვარდების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

19 წლის ჟოაო ფელიქსი „ბენფიკას“ ფეხბურთელია, რომელიც მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ამ სეზონში ფელიქსს შთამბეჭდავი 11 გოლი და 4 ასისტი აქვს, ძირითადში ადგილის დამკვიდრება  „სპორტინგის“ და „პორტოს“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლების წყალობით შეძლო.

ჟოაო ფელიქსის გამოსასყიდი თანხა 120€ მილიონია.

26 წლის მაურო იკარდის „ინტერის“ რიგებში თებერვლის მერე არ უთამაშია და კაპიტნის სამკალურიც ჩამოართვეს. ამისდა მიუხედავად მან 17 გოლი დააგროვა და „რეალთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მაურო იკარდის სანაცვლოდ ინტერი 80€ მილიონს ითხოვს.

21 წლის ლუკა იოვიჩი, „ბენფიკაში“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, „აინტრახტში“ გაანათხოვრეს და ყველას გასაკვირად სერბი ფორვარდი „ბუნდესლიგისა“ და „ევროპის ლიგის“ ბომბარდირობისთვის იბრძვის.

ფრანკფურტელები მის გამოსყიდვას და უფრო სარფიანად გაყიდვას გეგმავენ, საწყის ფასად კი 46€ მილიონი ევრო დაასახელეს. იოვიჩის ტრანსფერში „რეალს“ სერიოზული კონკურენტები ჰყავს “ბარსელონას“,“სიტის“ და „არსენალის“ სახით.

ვინ დატოვებს მადრიდელთა რიგებს ზაფხულში?

ბეილი

გარეთ ბეილი

ბეილის მადრიდული კარიერით რეალის ფანების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. რამდენიმე ტურის წინ უელსელი ვინგერი მორიგი „გალაქტიკო“ გახდა, რომელსაც ბერნაბეუზე დაუსტვინეს.

თუმცა ბეილის გუნდიდან გაშვება ფლორენტინო პერესისთვის ადვილი არ იქნება. ფეხბურთელს გუნდთან 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, ხოლო მისი ხელფასი კვირაში 350,000£-ს შეადგენს.

სხვათა შორის, ბეილის გაშვებას „რეალი“ გასულ სეზონშიც ცდილობდა. უელსელი „ტოტენჰემში“ უნდა გაენათხოვრებინათ იმ პირობით, რომ ხელფასის 20%-ს სპურსი გადაიხდიდა, მაგრამ გარეთმა ჩათვალა, რომ ლონდონში დაბრუნება მისი კარიერისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

მარსელო

მარსელო

რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, აქტიურად იწერებოდა რომ ტურინელთა რიგებს რეალის ვიცე კაპიტანიც შეუერთდებოდა. ზაფხულში ეს ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ სანტიაგო სოლარისთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ პრესა ამ ტრანსფერის შესაძლებლობაზე თავიდან ალაპარაკდა.

მარცხენა მცველისთვის საბედნიეროდ, სოლარი „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან დაითხოვეს და გუნდში ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, რომელმაც „სელტას“ წინააღმდეგ მარსელო ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ამჟამად ბრაზილიელი მცველის მომავალი უცნობი რჩება.

ვარანი

რაფაელ ვარანი

რაფაელ ვარანის გუნდიდან წასვლა „რეალისთვის“ ძალიან არასასურველია, 25 წლის ასაკში ფრანგმა მცველმა უკვე 4 ჩემპიონთა ლიგის, 2 ლა ლიგისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა და ძირითადის უცვლელი წევრია.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვარანი თავისი მადრიდული კარიერით უკმაყოფილოა და თვლის რომ გუნდში თავისი შესაძლებლობები ამოწურა.

მართლაც, ვარანს „რეალში“ ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. ამას ემატება ის ფაქტი, რომ „რეალმა“ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა „პორტუს“ 21 წლის ცენტრალური მცველის, ედერ მილიტაოს, ტრანსფერი.

ვინ მოვიდა? ვინ ბრუნდება?

კოვაჩიჩი

როდრიგო გოესი – ნაყიდია

„რეალმა“ ვინიციუსთან ერთად, მისი გუნდელი, 18 წლის როდრიგო გოესიც შეიძინა. ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელი ესპანეთში 35£ მილიონის სანაცვლოდ გადმობარგდა და, სავარაუდოდ, ვინიციუსის მსგავსად თავიდან ისიც „კასტილიაში“ ითამაშებს.

ედერ მილიტაო – ნაყიდია

21 წლის ედერ მილიტაო „პორტოში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და Whoscored-ის შეფასებით მიმდინარე სეზონში დრაკონების საუკეთესო ფეხბურთელია.

„რეალმა“ მილიტაოს სანაცვლოდ 50£ მილიონი გადაიხადა. ბრაზილიელი მცველი სეზონის პირველ ნახევარში დაცვის ცენტრში თამაშობდა, მაგრამ გუნდში პეპეს მოსვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.

მარტინ ოდეგორი – ბრუნდება

მარტინ ოდეგორი „რეალმა“ 16 წლის ასაკში იყიდა, პირველი ორი წელი „კასტილიაში“ ჰყავდათ, შემდეგ კი „ჰერენვენში“ და „ვიტესში“ გაანათხოვრეს.

ოდეგორი ორივე გუნდს ლიდერობდა და ერედივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც იწერება, „რეალი“ მის კიდევ ერთხელ განათხოვრებას აპირებს.

„აიაქსმა“ ნორვეგიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ რეალს 20£ მილიონი შესთავაზა, რაზეც ოდეგორმა განაცხადა: „ჩემი ფასი 20 მილიონზე მეტიაო.“

ხამეს როდრიგესი – ბრუნდება

ზაფხულში ხამესის ორწლიან იჯარას ვადა გასდის. მართალია, „ბაიერნს“ მისი 20£ მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს, მაგრამ კოლუმბიელ ნახევარმცველს გუნდში სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს და როგორც წერენ, ბავარიული კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს.

ზიდანის დაბრუნება კი იმას ნიშნავს, რომ ხამესს კარგი სიტუაცია არც მადრიდში დახვდება. ფრანგი სპეციალისტის წყობაში ხამესის პოზიციის ფეხბურთელის ადგილი, როგორც წესი, არ არის ხოლმე.

აჩრაფ ჰაკიმი – ბრუნდება

ჰაკიმი „რეალში“ კარვახალის შემცვლელად თამაშობდა ხოლმე, დორტმუნდში კი მარცხენა მცველის პოზიციაზე უფრო ხშირად გვევლინება. მოროკოელი ლატერალი გერმანიაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს, თუმცა „ბორუსიას“ მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

მატეო კოვაჩიჩი – ბრუნდება

მატეოს ინგლისური კარიერა თავიდანვე მოეწონა და „რეალს“ მალევე შეატყობინა, რომ ლონდონში დარჩენა სურდა. თუმცა, როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, „ჩელსი“ მის გამოსყიდვას არ აპირებს.

“რეალს“ კოვაჩიჩის, ჰაკიმის და ხამესის გაყიდვით 150£ მილიონის შოვნა უნდა.

 

რეალის სავარაუდო თერთმეტეული მომავალ სეზონში

შემადგენლობა

ამჟამად გავრცელებულ ჭორებს თუ დავეყრდნობით, „რეალის“ შემადგენლობა მომავალ სეზონში დაახლოებით ასეთი იქნება.

გახდი Freebetter გამარჯვება შენს ხელშია!
იყავი საუკეთესო სპორტ-ბეთინგში და მიიღე ფრიბეთები ყოველდღე! 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply